“დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
"პროკურორები დაგეშილები ეძებდნენ ფაქტებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხები მიითვისა, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ იპოვეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რუსი ივანიშვილისთვის, რა თქმა უნდა, არამიზნობრივად
დაიხარჯა თანხები დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის.
დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ამ განაჩენით ვერავის შეაშინებენ, ვერავის გააჩერებენ და პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის იმ ათეულობით პატიმართან ერთად, რომლებიც დაიჭირა რუსულმა რეჟიმმა, სანამ ქართული სახელმწიფოს იდეა რეალიზდეს და ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მან ასევე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი: "მიხეილ სააკაშვილს თავად მისი მოთხოვნისგან გამომდინარე, არ მიეცა საშუალება ყოფილიყო აქ, ამიტომ მე წავიკითხავ წერილს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ საპყრობილიდან - “რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.
ვერ დაგვაშინებენ!
ძალა ერთობაშია!"
ცნობისთვის, "სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის" საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა