ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე ხელაღებით სწორედ ენმ-ს ებრძვის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვიყავით და ვართ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მოთამაშე - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს კოალიციური მმართველობა, რომ ერთპარტიულმა მმართველობამ ამ ეტაპზე საქართველოს დემოკრატიული განვითრებისა, თავი ამოწურა და ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა. ამას ჩემი აზრით საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი გრძნობს და გამოხატავს, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის კვლევებში და ბუნებრივია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი თავდაუზოგავად ებრძვის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ჩვენი დამფუძნებელი თავმჯდომარის, პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი უკანონო ტყვეობით, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობით და დამთავრებული ჩვენი მხარდამჭერების დევნით. ყველა აღიარებს იმას, რომ ყველაზე თავზე ხელაღებით, სწორედ „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი მთელი საკუთარი მმართველობის განმავლობაში. მათი მთავარი პოლიტიკურ დღის წესრიგი სწორედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვიყავით და ვართ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური მოთამაშე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.