ბაჩო ახალაია რამდენად იყო ჩართული პროცესებში, ამას გამოძიება დაადგენს. მტკიცებულებების გარეშე არავის წარედგინება ბრალი, ეს არის ჩვენი პოზიცია და კონსტიტუციური შეგნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით „9 აპრილთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას განცხადება უმსგავსობა და უსინდისობაა“.
„როგორ შეიძლება, საბჭოთა საოკუპაციო ჯარების მოქმედებებს შეადარო ქართველი სამართალდამცველების მოქმედება, რომლებიც ქვეყანას გულანთებით ემსახურებიან? თურმე ჩვენი პოლიციელები არაფრით განსხვავდებიან საოკუპაციო ჯარებისგან, რომლებიც ნიჩაბს იქნევდნენ და 9 აპრილს ადამიანებს თავები გაუხეთქეს. ამის ერთმანეთთან შედარება დიდი უსინდისობაა და კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს ადამიანები უსამშობლოები არიან. მშვიდობიანი აჯანყება არ არსებობს. რა მშვიდობიან აჯანყებაზე საუბრობენ, ათი ათასი ადამიანიც ვერ შეაგროვეს. ეს არის დამხობის სცენარი სიტყვა – მშვიდობიანის გარეშე. ამ განცხადებით ვითომ ალიბი შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ იქ არ იყო. გამოძიებას მტკიცებულება თუ ექნება, ყველა პასუხს აგებს, თუ არ ექნება, არ აგებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა: „4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული“