ქალბატონი ფონ კრამონი არამხოლოდ აგრესიული გამონათქვამებით გამოირჩევა საქართველოსა და მისი ხალხისადმი, არამედ მისი გამონათქვამები არის აცდენილი ქართულ რეალობას და მე როგორც ამ ქვეყნის შვილი, ამ მთავრობის შემადგენლობის წევრი, ასევე არჩეული ხალხის მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვფიქრობ, რომ მისი სიტყვები ყოველთვის არის თვალშისაცემი სიმჩატის მატარებელი, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.
„მას როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველშიც არ აქვს წონა და ცდილობს ჩვენს ქვეყანაში დაიმკვიდროს რაღაცა ფორმით პოლიტიკურად თავი. ეს არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი უკვე შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი ერის წინაშე, რომელიც დასაბამიდან არის ევროპული ღირებულებების მატარებელი. უფრო მეტიც, ქართველი ერის არის ერის, რომელიც ქრისტიანულ ევროპულ ღირებულებებს საკუთარი სისხლის ფასად იცავდა, იქ სადაც გადის ევროპის გალავანი, იქ სადაც ევროპას ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა და ჩვენ ამ ისტორიულ მისიას ყოველთვის ღირსეულად ვასრულებდით. შესაბამისად, ჩვენ საქმე რომ გვქონდეს სერიოზულ პოლიტიკოსთან, როგორიც ჩემს თვალში არ გახლავთ ქალბატონი კრამონი, დაგვჭირდებოდა ახსნა იმასთან დაკავშირებით რომ თუ შარშან ბრიუსელი ორგანოები აბსოლუტურად უსამართლოდ მოექცნენ ჩვენს ერს და არ მიანიჭეს ის სტატუსი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხსა და მთავრობას ეკუთვნის, ახლა [რატომ] იმსახურებს კრამონის თვალში ეს ერი სტატუსს. მაგრამ, ამ ახსნას მე პირადად არ ვითხოვ, იმიტომ რომ ახსნას ითხოვენ წონიანი და სერიოზული პოლიტიკოსებისგან“, - აცხადებს წულუკიანი.