„მადლობა დღევანდელი კონფერენციის ინიციატორს და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნინო წილოსანს და გამგეობის ყველა წევრს. წელს საარჩევნო წელია, მოგვიწევს კიდევ უფრო გავაქტიურდეთ, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წევრები, და მე მინდა წინასწარ თითოეულ თქვენგანს, სოფლებში, ქალაქებში, ვინც იბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მადლობა გადაგიხადოთ ყველას სახელით, და ვინც ახლა გვისმენს ტელეეკრანთან, მათ ასევე მოვუწოდო აქტიურობისკენ, რადგან კიდევ მორიგჯერ არჩევნებზე მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის.

 არჩევანი იქნება მარტივი - ჩვენ ყველანი, ქალები და კაცები ამ ქვეყანაში ხმას მივცემთ მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას.

ამ მაღალი ტრიბუნიდან, როგორც სპორტის მინისტრს მეჩვენება, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, და ვიცი, რომ ეს თქვენი აზრიც არის, მადლობა ვუთხრა და პატივი მივაგო ჩვენი გამარჯვებული ფეხბურთელების მეუღლეებს, დედებსა და ბებიებს - იმ ქალებს, ვინც ეს გამარჯვება ჩვენს სპორტსმენებთან ერთად მოიტანა.

მინდა დაგპირდეთ, რომ მომავალში გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, ნინო წილოსანისა და ჩვენი შესანიშნავი გამგეობის და რეგიონული ხელმძღვანელების ზედამხედველობის ქვეშ. მინდა რომ თქვენსავით თქვენს გვერდით მიგულოთ „ქართული ოცნების“ და ქალთა ორგანიზაციის რიგით ჯარისკაცად“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.