კინზინგერის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებს წარმოდგენაც არ აქვთ საქართველოზე, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.
„ნათელია, რომ ქვეყნის შიგნით - „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის გარეთ - მისი ლობისტები, ცდას არ აკლებენ, რომ საქართველო კონფლიქტის მეორე მხარე გახდეს და ომში ჩაერთოს. ფაქტია, რომ ლობისტებს, რომლებიც ჩართულები არიან ანტისახელწმიფოებრივ ქმედებებში, წარმოდგენა არ აქვთ ქართული სახელმწიფოს საჭიროებებსა და ჩვენ საზღვრებზე - მეზობლებზე. როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, წაკითხული მაინც უნდა გქონდეს, ინფორმირებული მაინც უნდა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და ელჩის დაბარება შეუძლებელია. კარგი იქნებოდა, ეს შეგვეძლოს, მაგრამ, ამ მოცემულობით, შეუძლებელია“, - აცხადებს მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი?“.