„გაოგნებულნი არიან ჩემი უცხოელი მეგობრები. ისინი არ გამოირჩევიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ღია სუბიექტური დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დღეებში ვერ მალავენ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე აღშფოთებას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის უღირსი ქმედება ამ მძიმე დღეებში არც უცხოელი პოლიტიკოსებისთვის დარჩა შეუმჩნეველი და ისინი აღშფოთებულნი არიან ამ ყველაფრით.

„დღეს გლოვის დღეა, უმძიმესი ტრაგედიის დღე საქართველოსთვის. მოვიხსენიებთ გარდაცვლილებს და უფალს შევთხოვთ, გვაკმაროს ტკივილი. მთელი მსოფლიო გვისამძიმრებს ამ დიდ ტრაგედიას, ვიღებთ პირად გზავნილებსაც.

თანამედროვე მსოფლიოსთვის სტიქიური უბედურება უცხო არ არის. გლობალური დათბობისა თუ სხვა კატაკლიზმების შედეგად, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ვხედავთ მსგავს ფაქტებს სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე ისეთი  შემთხვევები გვაქვს ნანახი, რომ აღარაფერი გვაოგნებს. გამაოგნებელი არის ის, რომ ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს დემოკრატიულ სახელმწიფოებში,  მსგავსი შემთხვევების დროს პოლიტიკური სპექტრი სრულად ერთიანდება და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ კადრულობს იმას, რომ ამ დროს არსებულ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, მით უმეტეს, ტყუილებითა და „ფეიკ ნიუსებით“.

გაოგნებულნი არიან ჩემი უცხოელი მეგობრები. ისინი ეცნობიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და, მათ შორის, ოპოზიციის განცხადებებსაც. რამდენიმე ამჟამად აქ იმყოფება საქართველოში და მათთვის კიდევ უფრო ცხადია, თუ რა ფსკერზე არიან ოპოზიციური პარტიები. ისინი არ გამოირჩევიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ ღია სუბიექტური დამოკიდებულებით, მაგრამ ამ დღეებში ვერ მალავენ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებზე აღშფოთებას.

ეს ტრაგედია ხომ უდიდესი ტკივილია ჩვენთვის, მაგრამ არანაკლები ტკივილია იმის გააზრება, თუ რა დონეზე დაეშვნენ ქართველები, როგორ არიან დაბრმავებულნი ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, როგორ გამოამჟღავნეს საკუთარი სახეები ხელისუფლების ვითომდა ფაქტზე დაჭერის მიზნით, რეალურად კი ისევ დეზინფორმაციითა და ტყუილებით კვებავენ საზოგადოებას. უზნეობისა და უსინდისობის ზეიმია ქართულ ოპოზიციაში.

შესაბამისი სიტყვა კიდევ ვერ ვიპოვე ქართულ ლექსიკონში. ასეთ აღვირახსნილ ქმედებას ამხელა  ტრაგედიის დროს მარტო ქართული ოპოზიცია თუ ჩაიდენდა. მათ მართლაც  გააოგნეს მსოფლიო“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.