ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია, ეს გიგას პრობლემაა - ამას ყველაფერს ის პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ, რომლებიც დღეს იძახიან, რომ კვოტების გაუქმება რა ცუდია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამ კვოტირებულ ქალებს ხომ ისევ კაცები არჩევენ და კაცები კვოტირებულ ქალებს არჩევენ მორჩილების ნიშნით. შესაბამისად, იქმნება სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს კაცების მორჩილი. ყველა ქალი, კვოტით და უკვოტოდ, რომელიც პარტიებში მოწინავე ადგილებში მოხვდა, მოხვდა მორჩილების ნიშნით და ის ქალები, მაგალითად მე, ვინც მორჩილები არ ვართ, არ ვემორჩილებით ამ წესრიგს, გიჟებად ვირაცხებით, იმიტომ რომ ამ სტერეოტიპს ხელს უწყობენ კვოტირებული ქალები, რომლებიც მორჩილების ნიშნით არიან მოხვედრილები სიაში. ეს არის ემპირიული გამოცდილება ჩემი პირადად, რაც ჩემს ზურგზე მაქვს გადატანილი. ქალს აქვს თავისი როლი მიკუთვნებული. ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია, ეს გიგას პრობლემაა - ამას ყველაფერს ის პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ, რომლებიც დღეს იძახიან, რომ კვოტების გაუქმება რა ცუდია, ანუ ეს არის ფარისევლობა",- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.