სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა კვლავ პოზიტიურად შეფასდა და აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკისშეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესწევს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენის, შეკავების, მათზე რეაგირების უნარი. საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო კონტრტერორისტულ, მათ შორის, ტერორიზმისდაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ფორმატებში და ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს.
ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2024 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეესაბამება ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალ ქვეყნებს განეკუთვნება.
„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველომ წელსაც ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა, რაც 2024 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტებისა და ტერორიზმის, როგორც საფრთხის გავლენის, არარსებობას გულისხმობს.
სამსახურის მიერ გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა.