მიხეილ ყაველაშვილს შეუძლია სიხისტეც და დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო, განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პასუხად კითხვაზე, რა როლის შესრულებას შეძლებს პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთთან გადატვირთვის საკითხში.

მისი თქმით, ყაველაშვილის სიხისტეზე საუბრისას, სჯობს გავიხსენოთ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის სიხისტე, რომელიც მის ფრაზებში და განცხადებებში იგრძნობა.

„სიხისტე, როდესაც შენს ქვეყანას იცავ არის აუცილებელი, მაგრამ ყაველაშვილს შეუძლია დიპლომატიურობაც, როდესაც ეს არის საჭირო და როდესაც ეს არის აუცილებელი, ამ მხრივ მას არაფერი არ ეშლება, ნამდვილად. მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება. უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. აღარ გავიხსენებ იმას, რომ მანამდეც, როგორ აქტიურად იყო სპორტული კარიერის პარალელურად ჩართული პოლიტიკაში. ასე რომ, მას ეს ნამდვილად შეუძლია და გააკეთებს კიდევაც“, - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება გადატვირთვის პოლიტიკის საკითხს, სუბარის თქმით, საქართველო იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, როდესაც უნდა დამტკიცდეს მთავრობა, მოხდეს პრეზიდენტის არჩევა ახლებური წესით. სუბარმა აღნიშნა, რომ გადატვირთვის პროცესი ხდება მთელს მსოფლიოში.

მან აღნიშნა, რომ ტრამპმა ყირაზე დააყენა ის ნარატივი, რაც დღემდე იყო გაბატონებული უკრაინის ომთან დამოკიდებულების საკითხში, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ლგბტ-დიქტატურის მიმართულებით და ასე შემდეგ.

„უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდა დღის წესრიგში, რომ ყველას უფლება იქნება დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავკარგოთ ტრადიცია, სარწმუნოება და არარეალურ, სურეალისტურ სამყაროში აღმოვჩნდეთ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც 10-15 წლის წინ. ასე რომ, ეს გადატვირთვა იქ უკვე დაწყებულია და, ბუნებრივია, შეეხება ჩვენს ურთიერთობებსაც“, - აღნიშნა სუბარმა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპაში ვერ ხვდება, რომ ეს გადატვირთვა დაწყებულია, გერმანიაში პრაქტიკულად მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დაკარგა ყველანაირი მხარდაჭერა. დღევანდელი კანცლერის რეიტინგი არის ყველაზე დაბალი გერმანიის ისტორიაში, რაც კი კანცლერებს ჰქონიათ და მოდიან სხვა ძალები, მათ შორის, რეიტინგით მეორე ადგილზე დგას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც იცავს გერმანელი ხალხის ინტერესებს.

სუბარის თქმით, ევროპელ ხალხში დაიწყო ათწლეულების განმავლობაში ძალად თავსმოხვეული ანტიღირებულებების გადაფასება.

„ეს არის პირველ რიგში გადატვირთვა და გადატვირთვა როცა მოხდება იქ მათ გონებებში, გაცილებით გაადვილდება ჩვენი ურთიერთობები. აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რას იტყვიან ლექსმანი და მარკეტა გრეგოროვა. მარკეტა გრეგოროვას არ იცნობს არავინ თავის სამშობლოში - ჩეხეთში. მისმა პარტიამ წააგო ყველაფერი. მის ქვეყანაში არ იცნობს არავინ და წელიწადში ერთხელ, ერთი წუთით რომელიმე ტელევიზიის ეთერი თუ ეღირსება ღმერთს მადლობას სწირავს, თუ სწამს ღმერთის და საქართველოს ტელევიზიებმა გაიხადეს კუმირად და დღე არ გავა ამ ადამიანს არ გვასმენინონ. ისინი არ არიან ჩვენთვის ავტორიტეტები“, - აღნიშნა სუბარმა.