რამდენიც უნდათ, შეუძლიათ, იმდენი ითამაშონ, მათ კარვებს ჩვენ მივცემთ, ოღონდ სადმე ქალაქგარეთ დადგან, რათა მოძრაობას ხელი არ შეუშალონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში უსამშობლო აგენტების ადგილი არ არის.

„მათ შეუძლიათ, თამაში გააგრძელონ, პარლამენტი და მთავრობა შექმნან, თავიანთი ციხეებიც ააშენონ. კანონის ფარგლებში, რაც უნდათ, ის ითამაშონ, სადაც კანონს დაარღვევენ, პასუხი მოეთხოვებათ. ასეთი რამ ერთხელ უკვე ცუდად დამთავრდა, როცა პარლამენტის პირველ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციურმა ძალებმა, რაც საქართველოში სისხლისღვრასა და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში გადაიზარდა. დღეს სხვა საქართველოა და ეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.