"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტოს დაადებს. მისი თქმით, ელექტრონული წესით არჩევნები ჩატარდება ამერიკული აპარატურით, ამერიკული პროგრამებით, რომლებიც მსოფლიოში წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიებმა (რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ) შეამოწმეს და თქვეს, რომ ამ პროგრამების პირობებში არჩევნების გაყალბების შანსი ნულოვანია.
„საქართველოს პრეზიდენტისთვის ამოსავალი უნდა იყოს, არა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, არამედ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობასთან. ამ მხრივ, ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო, აბსოლუტურად შესაბამისობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, განსხვავებით, იმ ფორმულირებისგან, რომელიც ამჟამად არის კანონში. მსგავსი ფორმულირება არ გხვდება არცერთ დემოკრატიულ, თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში და ის პირდაპირ მიმართულია მუდმივი კრიზისის შექმნისკენ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი კრიზისები არ იყოს და მივიღოთ ისეთი კანონები, რომელიც დემოკრატიული იქნება და უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
ასეთი კანონმდებლობა იმუშავებს საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზეც და ყველა შემდგომ არჩევნებზე. ეს არის იმ ცვლილების არსი, რომელზედაც პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებს. ვეტოს რომ დაადებდა ეს გასაგები იყო, მისი სულისკვეთებიდან გამომდინარე, რასაც ამ ბოლო დროს ამჟღავნებს, თუმცა ბუნებრივია, ამ ვეტოს დავძლევთ. აქ ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ იქნება. საქართველოს ექნება ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობამ ფართო ხასიათი მიიღო და სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია ჩართულია ამ დისკრედიტაციის მცდელობაში. გვახსოვს, ჯერ კიდევ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, წასვლის წინ ბოლო შხამი და გესლი დატოვა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, როცა თქვა, რომ ელექტრონული არჩევნები ქმნის გაყალბების დიდ საფრთხეს. ამდენი წლის განმავლობაში მთავარი მოთხოვნა სწორედ ელექტრონული არჩევნები იყო და ახლა, როდესაც ელექტრონული არჩევნები მივიღეთ, დაიწყეს ამის დისკრედიტაცია, თითქოს ის ქმნის გაყალბების საფრთხეს. არადა, ეს არის ამერიკული აპარატურა, ამერიკული პროგრამები და ამერიკის, მსოფლიოში წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიებმა (რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ), შეამოწმეს და თქვეს, რომ გაყალბების საფრთხე ნულოვანია. ეს არ არის კლასიკური ელექტრონული პროგრამა, როდესაც შეგიძლია ტელეფონიდან და კომპიუტერიდან მისცე ხმა, როგორიც არის სხვა ქვეყნებში და სადაც გაყალბების დიდ საფრთხეს ქმნის.
ეს არის ელექტრონული იმ გაგებით, რომ მიდიხარ საარჩევნო უბანში, ქაღალდზე შემოხაზავ და დააფიქსირებს აპარატი. ამის პლუსი ის არის, რომ შედეგი არჩევნების დამთავრებიდან მაქსიმუმ 10 წუთში არის ცნობილი. არ ხდება ისე, როგორც წინა არჩევნების დროს იყო, როდესაც, რამდენიმე საათი გრძელდებოდა დათვლა. მაშინ, ოპოზიცია და ზოგიერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამბობდა - რატომ გრძელდება ამდენი ხანი ხმების დათვლაო. სხვათა შორის, იგივე სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ხმას არ იღებდნენ მაგალითად, პოლონეთში არჩევნებზე, როდესაც ორი კვირა გაგრძელდა ხმის დათვლა, ან თუნდაც აშშ-ში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე, სამ კვირაზე მეტი გაგრძელდა ხმის დათვლა. საქართველოში, ძალიან მინიმალური დრო იყო ხმის დასათვლელად საჭირო და დილისთვის უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დათვლილი იყო, თუმცა ამ ცვლილებით 5-10 წუთში იქნება ცნობილი საბოლოო შედეგი“, -განაცხადა სუბარმა.