არ მოისვენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მართლა მათი გასამართლება არ მოხდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა და განმარტა, რომ საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა.
„ბევრი მიზეზის გამო დღეს უკვე დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მოისვენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მართლა მათი გასამართლება არ მოხდება. მეორე მიზეზია, თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, არ ვიქნებით მართლები არც საქართველოს მოსახლეობის წინაშე, არც ჩვენი დევნილების, არც ჩვენი ქვეყნის ისტორიის და არც იმ გარდაცვლილი გმირების სულების წინაშე, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოსთვის და არც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოკლული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების სულის წინაშე, რომლებიც ამ სისხლიან ომს შეეწირნენ. მესამე და მთავარი მიზეზი, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, არის ის, რომ ვხედავთ, მსოფლიოში ესკალაცია უფრო და უფრო მეტად იზრდება. თუ ვერავინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ უკრაინის ომი შეიძლებოდა 2024 წელში გადასულიყო, ახლა ვერავინ ამბობს როდის დასრულდება. ისრაელი უკვე ღიად ამბობს, რომ მოხდება თავდასხმები ჰესბოლასა და ლიბანის წინააღმდეგ. რაღაცნაირად ფართოვდება კონფლიქტების არეალი და შესაბამისად, საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა. ამას შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ და უცხო ქვეყნების სხვა აგენტურა, ასევე, გარედან ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არაერთხელ აჟღერებენ ხოლმე, ოღონდ ახლა უფრო შეფარვით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ხელისუფლებამ სახელმწიფოს და ჯარის ინტერესები ეფექტიანად დაიცვა, ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი შეთანხმებული არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“.