„დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ერთი მხრივ, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და მეორე მხრივ, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც საქართველოსთვის შეიძლება იყოს საინტერესო“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, მაღალტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამას მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, არამედ, კვალიფიციური მუშა-ხელის გაზრდაც და შესაბამისად, განათლების სისტემის განვითარებაც.
„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ტარდება. დავოსი არის ერთი მხრივ, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და მეორე მხრივ, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც საქართველოსთვის შეიძლება იყოს საინტერესო.
მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანობაში 30 მილიარდ დოლარზე ცოტა მეტია (მშპ-ს ვგულისხმობ), ამ დროს კი იქ ისეთი კომპანიებია წარმოდგენილი, რომელთა ბრუნვა საქართველოს ეკონომიკას მოცულობით შეიძლება ათჯერ აღემატებოდეს. თითოეულ მათგანთან ურთიერთობის დამყარება და მაღალტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამას მოჰყვება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, არამედ, კვალიფიციური მუშა-ხელის გაზრდაც და შესაბამისად, განათლების სისტემის განვითარებაც. პრემიერსა და მთლიანად, ეკონომიკურ გუნდს უკვე ჰქონდათ რამდენიმე ძალიან სერიოზული შეხვედრა ასეთ უზარმაზარ კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან, რომ საქართველოში ინვესტიციები ჩადონ. საქართველოში, რომ ლიბერალური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, ეს აღიარებულია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.