საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების პროექტს იწყებს და ყველაფერს გააკეთებს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად.
„დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო წერილი, როგორი მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, როგორ უჭირთ ექიმთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობის მიღება. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, სადაც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი და გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა, ისინი გვერდში გვიდგანან. ჩვენ შეძლებისდაგვარად ჩავალთ ყველა რეგიონში და ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ სამედიცინო დახმარებას. ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, რადგან არაერთხელ დავრწმუნდით, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მაგრამ ნამდვილად არაფერია სასაცილო იმაში, რაც დღეს ხდება. როდესაც მირეკავენ ადამიანები და მეუბნებიან, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ, მივიდნენ ექიმთან კონსულტაციაზე თუ შეიძინონ საკვები, ეს არის უმძიმესი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მინიმუმადე დავიყვანოთ.
მე, სოფო ჯაფარიძე, ყოველთვის ვიდექი და ვიდგები ჩვენი ხალხის გვერდით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ მიიღონ შესაბამისი მკურნალობა და დავეხმაროთ მაქსიმალურად. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და პირობას ვდებ, აუცილებლად ჩავალ ყველგან და ყოველთვის ვიქნები ჩვენი მოქალაქეების გვერდით. კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, რომ ეს იქნება ჰუმანიტარული პროექტი და ამას არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. დავიწყებთ 4 ნოემბერს და დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.