არ ვიცი ზარქუას რომ დახვდა, ეს ქალბატონი ფულს იღებს თუ არა, მე ერთი რამე ვიცი, ეს ქალბატონი ჩვენ ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც საკუთარ შვილსაც კი გადააბიჯა, ჩვენ გვყავდა სტუმრად შშმ ბავშვები, მან გამოიყენა ეს სტუმრობა იმისთვის, რომ შემოპარულიყო და პოლიტიკური განცხადებები ეკეთებინა დარბაზში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, თუ სად არის ღირებულებითი შკალიდან გამომდინარე ის ქალბატონი, რომელმაც ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჩანს მედიის მხრიდან წახალისებული კამპანიაა, რომლის მიტანაც ისე ხდება საზოგადოებამდე, თითქოს ეს არის აღშფოთებული, „გულანთებული მოქალაქე“. სინამდვილეში ხომ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე ამ „გულანთებული მოქალაქის“ უკან იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ გულჩათხრობილი აქტივისტი, რომელსაც უბრალოდ საკუთარი ბოღმით, ზიზღით უნდა, რომ პროვოცირება მოახდინოს სხვა ადამიანებზე. ყოველი ასეთი შემთხვევის უკან იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვისაც ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებული იყო ტერორზე და ეს ტერორის კამპანია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ძალიან სამწუხარო. მათ შორის ვხედავთ იმას, რომ ამ კამპანიის მონაწილე ზოგიერთი აქტორი დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სამწუხაროდ, დღემდე მე ვერ მოვისმინე გამიჯვნა „ჯემ ნიუსის“ იმ ჟურნალისტის ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, მეც პირადად, და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან. სავარაუდოდ, დღესაც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან. კითხვა მარტივია, ევროკავშირის რომელიმე დედაქალაქში საქართველოს მთავრობის მხრიდან, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანი, იქაურ პარლამენტის წევრს რომ დაემუქროს კეფაში ტყვიით, რა მოხდებოდა იმ ორგანიზაციის მიმართ, საიდანაც დაფინანსებებს იღებდა და იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც აფინანსებს ადამიანს, რომელიც ტყვიით ემუქრება ადამიანებს. რასაც მედიას მივადევნე თვალი, გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩო და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ მათთვის ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა ბრიტანეთი, როგორც იცით, აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ ევროკავშირს, ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს ეს განცხადება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.