ეუთო/ოდირის დასკვნა რეკორდულად მოკლე ვადაში დაიწერა, ვვარაუდობ, რომ დასკვნის მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში იყო სააკაშვილის ადვოკატი, ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეუთო/ოდირის დასკვნის დაწერა ამ ადამიანს მიანდეს.
„ნახეთ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა რეკორდულად მოკლე ვადაში დაიწერა. აღმოვაჩინეთ, რომ დასკვნის ერთ-ერთი და მე როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელმაც დაწერა ასევე ევროსაბჭოს დასკვნა და რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის, გელაშვილის ცემის საქმეები თურმე არაფერი ყოფილა. ეს ადამიანი ამას ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოში და ახლა ჩვენ დასკვნის საშუალებით გვიმტკიცებს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თურმე ცუდია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კითხვის ნიშნები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნისა. დიდი ალბათობით, მთლიანად მას მიანდეს და მისი ტექსტია. საბჭოში არიან სხვა წევრები, არ მგონია, დიდად ჩართული ყოფილიყვნენ ამ დასკვნის დაწერაში.
ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი არგუმენტაცია. მათ შორის ჩვენ შესწავლილი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკა და ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ დისკუსიისთვის, მათ შორის ახლაც, მას შემდეგ, რაც კანონი უკვე მიღებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.