ადამიანი, რომელიც ევოკავშირისგან იღებს ხელფასს, 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კეთილი ინებოს ევროკავშირის წარმომადგენლობა და დააფიქსიროს მოსაზრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგსა და ტერორში ჩართული „ენჯეოები“ ევროკავშირისა და აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

„ჩვენ ეს დღეებია ვხედავთ ტერორს ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან. დაბადებით ქართველებმა, რომლებმაც ყველაფერი ქართული უარყვეს, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარებმა გადმოიღეს ოჯახის წევრებზე, შვილებზე ბულინგი, ადამიანების შეურაცხყოფა. ეს საქართველოსთვის უცხოა, საიდანაც ფინანსდებინ იქ კი ნამდვილად არის მიღებული. პრობლემა ის არის, რომ ამ ტერორის მიღმა დგანან უცხო ქვეყნები და მათი ფინანსები, ხანდახან ეს პირდაპირ იკვეთება. „ენჯეოები“, რომლებიც ჩართული არიან ბულინგში და ტერორში, ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, აშშ-ის ბიუჯეტიდან. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და დღემდე ვერ ვნახეთ რეაქცია ვერცერთი ქვეყნის წარმომადგენლისა, რომ გამიჯვნოდა მათი დაფინანსებული „ენჯეოების“ ტერორს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. ეს, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა.

გუშინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი მედიაში, „ჯემნიუსში“ პირდაპირ კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის არც წარმომადგენლობა, არც რომელიმე წევრი ქვეყანა ამას არ გამოეხმაურა. როცა აფინანსებ რადიკალებს, ახლა უკვე ექსტრემისტებს, რომლებიც კეფაში ტყვიით იმუქრებიან და ამაზე რეაქცია არ გაქვს, პასუხისმგებლობას იღებ რომ გუშინდლის შემდეგ ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული. კეთილი ინებოს ყველამ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ამაზე დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, რატომ იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული რადიკალებში რომლებიც ტყვიით ემუქრებიან ქართველებს. ეს არის ევროპული ღირებულება? ამას გვეუბნებიან? ეს არის დეპოლარიზაცია? ამიტომ არის ცინიკური განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, თითქოს ეს პოლარიზაციას გამოიწვევს და დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს. აბა 84 ტყვია უწყობს ხელს დეპოლარიზაციას? ეს არის ევროპა?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.