მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებისგან პრეტენზიის არა თუ სერიოზულად მიღებაზეა საუბარი, არამედ პრეტენზია გვაქვს ჩვენ, რომ გია ლორთქიფანიძე და ზურაბ ადეიშვილი გადმოგვეცეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ხალხის წამების სისტემის შემქმნელები ჰყავს შეფარებული.
მისივე შეფასებით, უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას ახსნა არა აქვს, რადგან მიზეზი არ არსებობს.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ წელიწადნახევრიანი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მოდიოდა ქვეყნის შიგნით ციხის გამტეხველებისგან და გარედან მათი მფარველების მხრიდან, აბსოლუტურად ტყუილზე აწყობილი კამპანია იყო. ვნახეთ, ეს ყველაფერი როგორ ფინანსდებოდა. ნებისმიერი სტატიის ფასი ვიცით. უცხოელი აქტორების განცხადება რა ღირდა, ზეპირად იცის ქართველმა ხალხმა. ეს კამპანია ასეთი პოლიტიკური კორუფციით იყო წარმართული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაიშალა.
რა თქმა უნდა, ვინც მიხეილ სააკაშვილს მფარველობს, ის ჯგუფი ცდილობს, ეს თემა რაღაცნაირად შემოატრიალოს და ეს განცხადებაც ამას ემსახურება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.