შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხის ქუჩაში გამოყვანას.

„შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც ითხოვს, დამნაშავე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდეს. იმ ჯგუფის გვერდით დადგეს, რომელმაც შექმნა ადამიანის ჩაგვრის სისტემა და რეჟიმი. როდესაც ადამიანის ჩაგვრისა და რეჟიმის შემოქმედი ახლა იხდის სასჯელს, მის გათავისუფლების მოთხოვნაზე გვერდით დაუდგეს ქართველი ხალხი, ეს რომ არ მოხდება, ამას გვიდასტურებს გამოცდილებაც. წელიწადზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში და იქ იხდის სასჯელს, ციხეშიც არ არის, ჩვენ ვხედავთ ხალხის მხარდაჭერა ამ საკითხს არ აქვს. ერთადერთი, რაც არის, კვლავ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ამით შეშფოთებების გენერირება. სხვა მხარდაჭერა ამ საკითხს არ აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ“.