სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას თუ აპირებს, გამოდის, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას, შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების და იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს ის კონსტიტუციური, თუ მორალური სტანდარტი, რაც აქვს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, მაშინ ამ თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
„ვნახეთ, რომ მან გადააბიჯა ყოველგვარ სტანდარტს, გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ყოველდღიურად საინფორმაციო საშუალებებით ვხედავთ, რაც არის ამ გარიგების შედეგი. გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა. იკადრა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამარცხვინოები ეძახა, რათა არ ეღიარებინა გადაწყვეტილება და ახლა ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს სამართლის საძიებლად. საერთო ჯამში, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე და ქალბატონი სალომეც ჩაწერილოა ზუსტად ამ ნარატივში.
რაც შეეხება თავად სარჩელს, ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ქცევა ჰქვია ამას, რომ ვინმე რამეს თუ არ იზიარებს, არსებობს სამართლებრივი ინსტრუმენტები, საერთო სასამართლოების და საკონსტიტუციო სასამართლოს სახით. ამიტომ ვინმეს თუ აქვს რაიმე კითხვები კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერი მოქალაქე თუ ინსტიტუტი თავისუფალია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ამ ქვეყანაში სამართლიანობა. ამიტომ ყველას შეუძლია, მიმართოს და არა მოიქცეს ისე, როგორც ოქცევიან „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან კანონს – ამაზე თვალს ხუჭავენ მათი დონორები – არ დაემორჩილებოან კანონს, რადგან არ მოსწონთ. რომელიმე მოქალაქემ რომ ჩათვალოს, ავტობანზე 110 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა არის არაკონსტიტუციური, ამიტომ არ დაემორჩილება და ივლის 150 კმ/სთ სიჩქარით – ეს არის მათი წარმოდგენა სამართლებრივ სახელმწიფოზე. ამ „ენჯეოების“ და მათ უკან მდგომი დონორების სახით, რომლებიც ახალისებენ ამ ყველაფერს, რომ იყოს კანონოს მიმართ დაუმორჩილებლობა, ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ჯუნგლების კანონი და არა სამართლებრივო სახელმწიფო. ეს მოიტანა ამ „ენჯეოების“ საქმიანობამ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.