არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევით დადასტურდა ის დეზინფორმაციული, კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამაში არა მხოლოდ თავად „ენჯეოები“, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას, უმრავლესობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ცნობილია ხალხისთვის.
„გამოჩნდა ის 500-მდე ენჯეო, რომელიც აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს. მათი ნაწილი ამბობდა, რომ არ დარეგისტრირდებიან რეესტრში. ჩავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ორგანიზაციების 80 პროცენტს არც ვიცით, გრანტი რამდენი აქვს. არ ვიცით, ორგანიზაციების 70 პროცენტის დონორები ვინ არიან. 97 პროცენტი ამბობს, რომ საზოგადოებას წარმოადგენს, ისინი ანგარიშებსაც კი არ აწვდიან საზოგადოებას, წლის განმავლობაში რა გააკეთეს. 97 პროცენტი იმასაც არ კადრულობს, საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში. ვნახეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცით, თანამშრომლები ვინ არიან, ვინ დგას ამ ორგანიზაციების უკან.
ვნახეთ, რომ შვიდკომპონენტიანი საბაზისო ინფორმაცია, ვებგვერდი აქვს თუ არა, დონორი ვინ არის, რა მოცულობის გრანტია და ა.შ. სრულად დაკმაყოფილებული აქვს 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვა ორგანიზაციას. ანუ 99 პროცენტის შემთხვევაში ან საერთოდ არ არის საბაზისო ინფორმაცია, ან არასრული ინფორმაციებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრობლემა მათ ამ კანონთან იმ მხრივ კი არ ჰქონდათ, თითქოს სტიგმატიზაცია ხდება, სინამდვილეში, მათაც და მათ დონორებსაც აქვთ პრობლემა, არ გასაჯაროვდეს ფინანსები, თუ რაში იხარჯება. ეს არის ამის დასტური. ეს კვლევა იცით, რომ გასაჯაროვდა, ყველას შეუძლია, ნახოს ორგანიზაციების ჩამონათვალი. თავად ამ ორგანიზაციებმაც გადახედონ, თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, შეუძლიათ, მიაწოდონ ჩვენს პარტიულ სტრუქტურას და იქნება გათვალისწინებული.
12 ივლისის მდგომარეობით მოხდა საჯარო სივრცეში გამოკვლევა, რა ინფორმაცია არის ამ ორგანიზაციების და ეს არის შედეგი. ის ხალხი, რომელიც გამოდიოდა, „ენჯეოები“, მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები, რომ ყველაფერი გამჭვირვალეაო, აბა, სად არის გამჭვირვალე. ასე თვალში ნაცარს აყრიან საქართველოს მოსახლეობას „ენჯეოები“, მათი დონორები, შიგნით და გარეთ საქართველოს არაკეთილმოსურნეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.