ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე სულ უფრო მცირდება და მე მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული, ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით დაწერილ პოსტს ეხებოდა.

"ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის მაშინ, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოიკითხეთ მაშინ რა ჩაატარა როგორც მინისტრმა, ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები საგარეო უწყებაში. ის უკვე დიდი ხანია ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას. ქალბატონი სალომე დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება მისთვის სამწუხაროდ არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას“, - აცხადებს პაპუაშვილი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა. მანვე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტა, რომ „დღეს დიპლომატის დღის ხსენება უხერხულია, რადგან რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს".