ოპოზიციას დათმობილი აქვს თავისუფლება, ისინი დღეს გარე ძალების ყმები არიან, ფონდებისგან მოქრთამულები ცდილობენ, დაანგრიონ ქართული საზოგადოება, სახელმწიფო, ეკონომიკა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ფონდები უხეშად არღვევენ ქართულ კანონმდებლობას და აფინანსებენ პოლიტიკურ ჯგუფებს.

„უპერსპექტივოები არიან აბსოლუტურად. ხომ ხედავთ ჩვენს განცხადებებს წლები ემატება. მახსოვს, ვამბობდი, რომ 10 წელი გავიდა, 11 წელი, 12 წელი, ახლა უკვე 13 წელი გახდა, რაც უპერსპექტივოები არიან. ასეა, ცხოვრება მიდის, ისინი ჭკუას ვერ სწავლობენ. ვერ სწავლობენ, რადგან მათ დათმობილი აქვთ მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, ეს არის თავისუფლება. ისინი დღეს არიან გარე ძალების ყმები და როგორც ყმები ისე იქცევიან. ასე ექცევა მათ თავიანთი დამკვეთების მიმცემი გარედან. ყველაფერი ხელისგულზე დევს, არაფერი დასამალი აღარაა. ქალბატონი სალომე იღებს ფულს „მაკკეინის ინსტიტუტისგან“. ეს ქრთამი მას ეძლევა, რომ დააზიანოს ქართველი ხალხი, ამას არ მალავს „მაკკეინის ინსტიტუტი“, სცენარებიც კი შექმნეს, როგორ უნდა ჩამოშალონ ჩვენი ეროვნული ერთობა, როგორ დააპირისპირონ ხალხი ერთმანეთს, როგორ უნდა დააზიანონ საქართველოს ეკონომიკა. ეს ყველაფერი გაწერილი აქვთ, ამაში ხელფასს უხდიან სალომე ზურაბიშვილს, მათ შორის ფულს აძლევენ „ენჯეოებს“ და ოპოზიციას.

მათ დათმეს მთავარი, რაც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს, ეს არის ნების თავისუფლება. ისინი დღეს არიან ყმები, დადიან თავიანთ ბატონებთან, სხვადასხვა რეისებით სხვადასხვა ქალაქში. დღემდე მალავენ, ვერ ამბობენ, ჩვენი ფულით ვიყავითო. ყველამ დაინახა, რამდენჯერ ვიკითხეთ ვინ დაუფინანსა სასტუმრო, ბილეთი, კვება, მალავენ ამ ყველაფერს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აკრძალული დაფინანსება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უცხო წყაროდან აკრძალულია. ეს თეთრი და ფუმფულა ევროპული ფონდები ასე უხეშად არღვევენ ქართულ კანონმდებლობას და აფინანსებენ პოლიტიკურ ჯგუფებს. ისინიც, რა თქმა უნდა, ამ ფონდებისგან მოქრთამულები ცდილობენ, დაანგრიონ ქართული საზოგადოება, სახელმწიფო, ეკონომიკა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ვნახეთ გუშინ რუსთაველზე იმ ამაზრზენი ძალადობის აქტით, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოეწყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.