ჯო უილსონის აკვიატებაზე სერიოზული კომენტარები უნდა შევწყვიტოთ, ამას ჩვენ ვერაფერს ვუშველით, ვერც ავხსნით, ვერც რამეს დავუმტკიცებთ და ვერც რამეს ვეტყვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო უილსონი სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილია და ამ ყველაფრიდან შემოსავალს იღებს.

„ერთადერთი კონტაქტი, რასაც ვაკვირდებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებია. ჯობია ამაზე საკუთარ ხელისუფლებასთან ისაუბროს, რა კონტაქტები და რა მოლაპარაკებებია.

საქართველოში ირანის გავლენა ბოლოს როდის იგრძენით? ირანულმა გარემომ როდის დაუბერა? არ არის სერიოზული, სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ერთი ადამიანის, ჯო უილსონის აკვიატება. ამ ადამიანს საქართველოსთან დაკავშირებით აკვიატება აქვს. არ არსებობს მისი სიტყვა, სადაც ამ ჯადოსნურ ფორმულირებას – „პროირანული“, ჩინეთის კომუნისტური პარტია და რაღაცებს, არ ამბობს. ამ ადამიანს აკვიატება აქვს და მანტრასავით იმეორებს. ადამიანს თუ აკვიატება აქვს, ჩვენ ამას პოლიტიკურად ვერ ვუპასუხებთ, ამას სხვანაირი პასუხი სჭირდება. ჯო უილსონის აკვიატებაზე სერიოზული კომენტარები უნდა შევწყვიტოთ. ამას ჩვენ ვერაფერს ვუშველით, ვერც ავხსნით, ვერც რამეს დავუმტკიცებთ და ვერც რამეს ვეტყვით.

ვიცით, რომ ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, მათ შორის ანგარიშები გამოქვეყნდა. ასე რომ, ადამიანს ვაცადოთ. ამ თემაზე თავისი შემოსავალი აქვს, ეს განცხადება გააკეთოს და აიღოს თავისი შემოსავალი, თუ რამე შემოსავალი აქვს ასაღები. თუ ეს რაიმენაირად შველის და მის ცხოვრებას გააუმჯობესებს, რომ ეს ფრაზები საქართველოზე თქვას, ასაკოვანი ადამიანია და მოვუთმინოთ ერთი-ორჯერ ასეთი განცხადება. ვერ დავამტკიცებთ, რომ სპილოები არ ვართ. გიორგი კანდელაკის ძმაკაცი, რომ იქნება ადამიანი და იმის ჭკუაზე ივლის, რა ვქნათ, ეს ყველაფერ დავივიწყოთ. ვაცადოთ, მას გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, შემდეგ არჩევნებს ელოდება და პოლიტიკიდან მიდის. ვაცადოთ, რომ ეს ადამიანი პოლიტიკიდან მშვიდად წავიდეს. ავიტანთ. ათი მცდელობა კიდევ დარჩენილი აქვს და დაგვიძახოს „პროირანული“ და „პროჩინური“. როგორმე ავიტანთ იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რესპუბლიკემა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა: „ქართული ოცნების“ რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს“.