არ გვასვენებენ გარედან, უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება, მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს იმისკენ უბიძგებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება თუ უნდა, უარი უნდა თქვას საკუთარ ტერიტორიებსა და სუვერენიტეტზე.
„ამას ვუყურებთ ჩვენ, უკვე 14 წელია, რომ არ გვასვენებენ გარედან. სააკაშვილი არის ამის კარგი მაგალითი. არ გვასვენებენ გარედან, უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება. მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში. თქვენ მოისმინეთ ბატონი პეტერის განცხადება, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის გზას ასცდაო. შეგახსენებთ, ეს არის ის გზა, სადაც დღეს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში წევრობა უნდა უკრაინას, ამისთვის საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების დათმობა. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ოპტიმალური გზა არის მოლდოვის, როგორც სახელმწიფოს გაუქმება და მისი სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონად ქცევა. ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში ჩვენ. სინამდვილეში უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა, დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ეს, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ ეს ტვირთი და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე – უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, მივიღოთ ის კანონები, რასაც გვეტყვიან, არა სტანდარტების გამო, არამედ მათი პოლიტიკური გემოვნების გამო, და მთელი ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რაც ასწლეულები გვქონია, დავასრულოთ ასე არასახელოვნად. ეს არის სწორედ, რისკენაც გვიბიძგებენ, რომ არასახელოვანი წევრობა გვქონდეს ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დამხობის ნებისმიერი მცდელობის პერსპექტივა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩენაა.
„ვინც დააპირა დამხობა, ვხედავთ, რომ თავად დაემხნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ნებისმიერი ასეთი მცდელობის ერთადერთი პერსპექტივაა ის, რომ ყველა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლებს, ყველა აღმოჩნდება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










