გამოცდილებამ ერთი რამ გვასწავლა, რომ ჩვენი ერთადერთი საზომი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე ველაპარაკებით აშშ-საც, ევროკავშირსაც და ყველა ქვეყანას ჩვენ გარშემო თუ არაგარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ითანამშრომლოს იმ საკითხებზე, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.
„ჩვენ ერთი რამ გვასწავლა განსაკუთრებით, ბოლო ოთხი და ექვსი წლის გამოცდილებამ, როდესაც დაიწყო განსაკუთრებული შეტევა, თავდასხმა საქართველოზე, მთავარია, ვიცოდეთ ერთი რამ – ჩვენი ერთადერთი საზომი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასე ველაპარაკებით აშშ-საც, ევროკავშირსაც და ყველა ქვეყანას ჩვენ გარშემო თუ არაგარშემო. საქართველოს ეროვნულ ინტერესებში რაც არის, იმ საკითხზე ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ. რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, იმაზე ვერ შევთანხმდებით. არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება, ამიტომ, მზად ვართ წავიდეთ ნებისმიერ ნაბიჯზე, რომელიც ამ მიზანს ემსახურება და ამ საკითხზე ვითანამშრომლოთ. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ამას ეწინააღმდეგება, როგორიც არის მაგალითად რუსეთთან ესკალაციაზე ბიძგი, რასაც ევროკავშირი ცდილობს უკვე ბოლო რამდენიმე წელია, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ წავალთ. იგივე ეხება მეორე ამოცანას, ეკონომიკური კეთილდღეობა მოსახლეობისა – იმას გავაკეთებთ, რაც კარგია ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც არ არის კარგი, არ გავაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარე ძალები უნდა შეეგუონ იმას, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით.
„ასე რომ, თუკი რაიმეს უნდა შეეგუონ გარე ძალები, უნდა შეეგუონ ამას, რომ საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ეროვნული ინტერესებით. აქ ვერ დასვამენ მარიონეტულ ხელისუფლებას, ვერ დასვამენ იმ ხალხს, ვინც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებს, ხან ბრიტანეთის დროშას აფრიალებს, ხან უკრაინის დროშას აფრიალებს, ხან რომელი და ხან რომელი ქვეყნის დროშას აფრიალებს საქართველოს დროშის ნაცვლად. ამ რუსთაველის პროტესტის ხალხს, ე.წ. სხვა ქვეყნის დროშების მოფრიალე ხალხს, ვიდრე ამ მარიონეტებს არ დასვამენ კაბინეტებში, მანამ საქართველოს ექნება საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკა, ამას უნდა შეეგუონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










