პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ჩემი წერილი გადააგზავნა ბრიუსელში. მე იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და იმედია, რომ აქედან დასკვნებს გამოიტანენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირი თავისი პოლიტიკით, გარდა იმისა, რომ აზიანებს სხვებს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს საკუთარ თავს.

„სხვათა შორის, გუშინ იყო ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის სტატია, რომელშიც სწორად იყო ხაზგასმული ეს საკითხები, რომ დასკვნები უნდა გამოიტანონ. სამწუხაროდ, ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ. ევროკავშირის შიგნითაც არის მის მიმართ უკმაყოფილება და კრიტიკა, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ სახელმწიფო მინისტრი არც კი ხვდება მას. სამწუხაროდ, დღეს კაია კალასი არის სახე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის. როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, როდესაც მისი მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იმავე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა, რომ აზიანებს სხვებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს საკუთარ თავს და ამ ზიანს ვხედავთ დღეს ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის 8 მაისს ღია წერილით მიმართა.