ირაკლი კობახიძესთან წლებია მაკავშირებს პროფესიული ურთიერთობა. ის ერთ-ერთი გამორჩეული სამართალმცოდნე არის საქართველოში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც კარგად იცნობს და აკვირდებოდა ირაკლი კობახიძის გზას პროფესიული საქმიანობიდან პოლიტიკამდე, დღეს ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს უნიკალური გამოცდილება და უნარები, რომლებსაც ახალ თანამდებობაზე მუშაობისას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს.
„მან შექმნა ეფექტიანი პარტიული სტრუქტურა და მართავდა ამ სტრუქტურას, მართავდა პოლიტიკოსებს. ეს განსხვავდება თავისი სირთულით, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ორგანიზაციის მართვისგან. ამიტომ, ამ მხრივ შეუდარებელიც კი არის ეს გამოცდილება თავისი სირთულიდან გამომდინარე. ამავე დროს, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე ეროვნული არჩევნები წარმატებით ჩაატარა, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნება“ ყოველ ჯერზე მმართველი პარტია გახადა პარლამენტში“, - აცხადებს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კობახიძის საქმიანობაზე იმ რთულ პერიოდში, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, მის გამოსვლას საკონსტიტუციო სასამართლოში და ხაზს უსვამს კობახიძის ოპონენტებთან საუბრის და საკუთარ არგუმენტებში დარწმუნების უნარს.
„ბევრჯერ ვყოფილვარ მომსწრე დახურული შეხვედრებისა ოპოზიციასთან, სადაც ირაკლი კობახიძესთან ერთად მიწევდა ხოლმე შეხვედრა სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხის განსახილველად. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - სადაც ის არის ხოლმე ასეთ გარემოში და საუბრობს, ძალიან ბევრი ეთანხმება ხოლმე. მას აქვს უნარი დაარწმუნოს ადამიანები იმ მიდგომაში, რომელიც მას აქვს, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა თავად არის დარწმუნებული იმაში, რაზეც საუბრობს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.