რამდენიმე მიმართულებით იქნება სიახლე. პირველად, საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმატში, პარლამენტის წიაღიდან იქნება პრემიერი არჩეული. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში ახალი დინამიკის შემოტანისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს იქნება ახალი სიტყვა დემოკრატიაში.
„როცა ადამიანს წლები აქვს გატარებული პარლამენტში, ის სხვანაირად გრძნობს პარლამენტს, იქ განვითარებულ პროცესებს. მითუმეტეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც უმრავლესობის ლიდერია, იყო პარლამენტის თავმჯდომარეც, ამ მხრივ განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. ეს იქნება ახალი სიტყვა დემოკრატიაში. ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ შენი ყოფილი კოლეგა, რომელთან ერთადაც წლები გაქვს გატარებული, თუნდაც ოპონირებაში, იქნება მთავრობის ხელმძღვანელი, ვფიქრობ ეს მათთვის ურთიერთობის სხვა შესაძლებლობას გახსნის. დღესაც ვისმენდი ოპოზიციის მხრიდან განცხადებებს; ალბათ საყოველთაო ეროვნული კონსენსუსი არსებობს ირაკლი კობახიძის კონსტიტუციონალისტობასა და მის იურიდიულ ცოდნაზე. მათ შორის კონსტიტუციის დაწერასაც ამას უკავშირებენ, მაგრამ კონსტიტუციის დაწერას სინამდვილეში არა იმდენად იურისტობა სჭირდება, რამდენადაც ღრმა და ყოვლისმომცველი ხედვა სისტემის და ეს არის უპირველეს ყოვლისა ის, რაც ირაკლი კობახიძეს გამოარჩევს. მას შეუძლია დაინახოს დიდი სურათი, დასახოს გრძელვადიანი მიზნები და ასე დაგეგმოს გუნდის საქმიანობა. საუბარი იყოს ოპოზიციის წარმომადგენლებისგან იმაზე, რამდენად აქვს მას მართვის გამოცდილება. ეს აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს წარმოდგენა რას ნიშნავს პარტიის და განსაკუთრებით სახელისუფლებო პარტიის მართვა. ეს არის თანაზომადი იმ საქმიანობისა რასაც პრემიერ-მინისტრი ეწევა. როდესაც ხარ მმართველი პარტიის თავმჯდომარე სადაც 40 000 წევრია, პარტიას აქვს რაიონული სტრუქტურები და გაწევრიანებულები არიან საპარლამენტო თუ სამთავრობო პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამის მართვა ისეთი ამოცანაა, რომელიც ადვილად არაა განსახორციელებელი. თუკი რამე აქვს ირაკლი კობახიძეს, უპირველეს ყოვლისა მართვის გამოცდილებაა. იურისპრუდენცია და სხვა ყველაფერი მას ეხმარება, რომ საბოლოო ჯამში სწორედ და ეფექტიანად ემართა ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც წლებია ხელისუფლებაშია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.