ბუნდესტაგში გამოქვეყნდა პროექტი, დღეს იყო კენჭისყრები და ვნახეთ, რომ მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მხარდაჭერით გერმანიის ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რაც ერთის მხრივ, ყველაფრის მანიშნებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, გერმანიის პოლიტიკაში და მათ შორის, დიპლომატიაშიც ხალხს, რომელიც ფაქტობრივად, ძირს უთხრის იმ 30-წლიან განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიასთან. ყველამ და უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ რა განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება გვაქვს ქართველ ხალხს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ და ასე რომ ანიავებენ ამ ნდობას ქართველი ხალხისა, ასე წყალს უყენებენ და ძირს უთხრიან წინდაუხედავად, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი. თუმცა, მეორეს მხრივ, ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაელ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ უკვე გასაკვირი არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია -„საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ მოხდება.