იმას ვშიშობთ, რომ ევროპას საბჭოთა კავშირისკენ მიაქანებენ. კი არ მიაქანებენ, იქ არის უკვე ზოგიერთი, დიდი ხანია, ამ ხალხთან ღირებულებით საკითხებზე სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ისინი იხარშებიან საკუთარ ზიზღში იმის გამო, რომ საქართველოში საკუთარი ხელისუფლება ვერ დასვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას მომავალ კვირას ევროპის ადგილობრივ და ხელისუფლებათა კონგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის განხილვის შესახებ.

„არ ვიცი, რომელ დასკვნას გულისხმობთ, მაგრამ რაც მე მაქვს, ეს არის საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების თაობაზე მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში. დოკუმენტი გავხსენი და თვალში მომხვდა ზურა ჯაფარიძის თაობაზე ჩანაწერი, რომ
ის დაკავებული იყო, რომელიც შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებული იყო იმის გამო, რომ „წულუკიანის კომისიაში არ მივიდა“. დოკუმენტში ეს ტერმინია გამოყენებული. სქოლიოში მაინც უნდა მიეთითებინათ. ვინც ჩვენი რადიკალების ლექსიკონს არ იცნობს, ვერც მიხვდება, რა კომისია იყო. ესეც კი არ აქვთ განმარტებული. ასეთ ხალხთან სალაპარაკო რა გვაქვს? ეს აჩვენებს, რომ ეს ადამიანები საქართველოს და ქართველ ხალხს პატივს არ სცემენ. მათთვის ჩვენ ვართ მეჩვიდმეტეხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა, სადაც რაღაცების საქადაგებლად ჩამოვიდნენ და ჩვენ ვგონივართ კულტურისგან შორს მდგომი, მაღალ მატერიებთან არანაზიარები ადამიანები. ამას ოფიციალური ჯგუფი როცა კადრულობს და ამბობს არა „საპარლამენტო კომისიას“, არამედ სახელს უცვლის მას და „წულუკიანის კომისიას“ ეძახის, ამ ხალხს რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ? ეს არის ზუსტად საბჭოთა აზროვნება. საბჭოთა კავშირი სხვა რამე იყო? იმას ვშიშობთ, რომ ევროპას საბჭოთა კავშირისკენ მიაქანებენ. კი არ მიაქანებენ, იქ არის უკვე ზოგიერთი, დიდი ხანია. ამას საბჭოთა მოსკოვიც კი არ კადრულობდა. მოსკოვში ასეთებს რომ იკადრებდნენ ხოლმე, ერთი-ორჯერ სიტყვა წაუცდათ, ხან მცირე იმპერია გვიწოდეს, ხან რაღაცა, მოსკოვში ნახევარი საქართველო ჩაადგა ერთ-ერთ მწერალს, რომელიც, სხვათა შორის, კარგი მწერალი იყო და სიტყვა წაუცდა, ნახევარმა საქართველომ ვიდრე ბოდიშები არ მოახდევინა, არ შეეშვა.

დღეს კი ლიბერალურ სამყაროში ამას კადრულობენ – ქართველებს ასე გვაკნინებენ და თურმე ჩვენი სახელმწიფო არ გვაქვს, არც ჩვენი პარლამენტი და შეუძლიათ, პარლამენტს ისე უწოდონ, როგორც მათ გემოვნებაშია. ამ ხალხთან ღირებულებით საკითხებზე სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ისინი იხარშებიან საკუთარ ზიზღში იმის გამო, რომ საქართველოში საკუთარი ხელისუფლება ვერ დასვეს. ამათ რა უნდა ველაპარაკოთ, რომელთაც საქართველოს პარლამენტის ხსენებაც კი არ სურთ და მისი დაკნინება უნდათ?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.