საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მნიშვნელობა დააკნინონ, თითქოს ეს ყველაფერი შემთხვევითობაა.
მისი თქმით, „ზუსტად აქეთკენ მიდის ლიბერალური ფაშიზმი“.
„გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს საზოგადოებაში, პოლიტიკურ და ენჯეოსექტორში არიან ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ქვეყანა გაწირონ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. ვნახეთ, რომ ყველა ცდილობს, რაღაცნაირად დააკნინოს ამ შემთხვევის მნიშვნელობა. მათ თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი შემთხვევითობაა – ფიცოს ესროლა ვიღაც პენსიონერმა, ტრამპს – ვიღაც თინეიჯერმა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ვხედავთ, რომ ეს არის ერთი ხელწერა. ამიტომ ვამბობთ, რომ ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ზოგიერთი ჯგუფის მეშვეობით, უცხოური დაფინანსებით ინერგება საქართველოში, ზუსტად აქეთკენ მიდის, ზუსტად ასე შეაჩეჩა ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომლის სროლის შედეგადაც პოლიციელი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ყველას შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ადამიანი შეიწყალა. ახლა რომ ფარისევლურად გამოთქვამს წუხილს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც სიკვდილისთვის წირავდა პოლიციელს და ცეცხლი წაუკიდა. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის შედეგი, რომ შემდეგ დააბრალონ პოლარიზაციას, გახლეჩას და არ ჩანდეს კონკრეტული დამნაშავე, ის, ვინც აქეზებს, ცეცხლს უკიდებს, აპროვოცირებს ასეთ ქმედებებს. ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში და ამიტომაც ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, ყველა დონორი გამიჯვნოდა რაღაც ლიბერალურ ფაშისტურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოსში იყო წარმოებული.
გავიდა კვირები, თვეები და დღემდე ვერ ვნახეთ ვერცერთი ევროპელი ელჩი, რომელიც გაემიჯნებოდა მაგალითად, „ჯემნიუსის“ თანამშრომლის მიერ 84 ტყვიით მუქარას პარლამენტის წევრებისადმი, არადა ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ერთი წუხილიც არ გამოუთქვამს არცერთ ევროპელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს, დღემდე ვერ გამიჯვნია ვერცერთი ევროპელი, დასავლელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი, როდესაც „გრასის“ თანამშრომელი მიუვარდა პარლამენტის წევრს და მის ოჯახს. ამასთან დაკავშირებით ხმაც არ ამოუღია არავის. დღემდე არცერთი ევროპელი თუ დასავლელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი არ გამიჯვნია ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლის მხრიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდენობის პირების პირადი სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას და შემდეგ მათი ოჯახის წევრებთან დარეკვას, მუქარას, ზეწოლას. რა თქმა უნდა, ეს არის აცდენა ევროპული ღირებულებებისგან და მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯგუფები, ვგულისხმობ უცხოელ პოლიტიკოსებს თუ დიპლომატებს, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან სიძულვილის, მუქარის, ზეწოლის კამპანიის მიმართ წაყრუება ამ კამპანიის წახალისებაა. ეს დავინახეთ კონკრეტულ მაგალითებზე. იქიდან გამომიდნარე, რომ ჩუმდებიან ადამიანები, რომლებიც ამავე დროს, დამფინანსებლები არიან ორგანიზაციების, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს არის მოწონებული და შეუძლიათ, გააგრძელონ მათი საქმიანობა.
საქართველოს ისტორიაში ყველანაირი პროტესტი გვქონია პარლამენტის წინ და პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს. ეს ჩაატარეს, ვითომც არაფერი, პირიქით, მგონი, იქით დააბრალეს პოლიციელს. ვნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული, მათ შორის ოჯახურ ძალადობაში. ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანის საკითხი არ დგას, ეს არის მთლიანად ტენდენცია, პოლიტიკა, მიდგომა, რომელიც აქვს ჯგუფებს, რომლებიც ძალადობისკენ უბიძგებენ ადამიანებს. რადიკალური ქმედებებისთვის ზუსტად ახალგაზრდების გამოყენებას ცდილობენ. შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც, თუ არ ვცდები, თინეიჯერი იყო. ამიტომ დავწერე ჩემს პოსტში, რომ იქნებ ამ შემთხვევის შემდეგ მაინც გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი, დიპლომატი, სხვა წარმომადგენელი და გაემიჯნონ ძალადობას, მუქარას, ზეწოლას, ზიზღის ენას, რომელიც უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან მომდინარეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.