„დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, 18 ივლისის 12 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მას 48 საათი აქვს იმისთვის, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება მცდელობა, რომ ქალბატონმა სალომემ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, მე ჩავნიშნავ ამ სხდომას. ასე რომ, 18 ივლისს, ყველა შემთხვევაში გვექნება პლენარული სხდომა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხუთშაბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და იმავე დღეს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პარასკევს, კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს და შესაბამისად, პარასკევს, რიგგარეშე სხდომაზე მოხდება აღნიშნული პროექტის განხილვა და კენჭისყრა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, აგრეთვე დანიშნული სასჯელი შეუმცირდებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდებათ პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს.
კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
კანონპროექტის ავტორია: საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.