ბოლო ერთმა წელიწადმა ფუნდამენტური კორექტივები შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში. სახელმწიფოთა პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების წინ წამოწევის კვალდაკვალ, დღეს, უკვე ნათელია, რომ აღარ არსებობს შავ-თეთრი გეოპოლიტიკური სამყარო, გახუნდა მექანიკური იარლიყები – პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსულობა და ანტირუსობა, სხვასთან მიმართებაში დანახული ყოველგვარი „პრო“ და „ანტი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენისას.

მისივე განმარტებით, პროქართულობა არის მათთვის ერთადერთი საზომი.

„დღეს არსებობს მხოლოდ ერთი განმსაზღვრელი საზომი – პროქართული და ანტიქართული. ქართულის გარდა ყველა „პრო-ორიენტაცია“ საბოლოო ჯამში არაქართულია, რადგან ის ქვეყნის პოლიტიკას საკუთარ ეროვნულ ინტერესს აშორებს და სხვისი მიზნების ინსტრუმენტად აქცევს. ეს უნდა ითქვას ღიად, ნათლად და გადაწყვეტით: ჩვენი ქვეყნის მართვის საკითხებში არ არსებობს პროევროპულობა და ანტიევროპულობა, პროდასავლურობა და ანტიდასავლურობა, პრორუსობა და ანტირუსობა. არსებობს მხოლოდ ქართულობა და ანტიქართულობა, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ეროვნული ინტერესების ღალატი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.