ლაპარაკის ადგილი პარლამენტია. ლაპარაკის უფლებამოსილება მათ გააჩნიათ, ვისაც მანდატი აქვთ. ამომრჩეველმა მანდატები 2024 წელს გადაანაწილა. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და უცხოეთის სამსახური არჩიეს. მეხუთე კოლონას რაზე უნდა ველაპარაკოთ?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს ხალხი ცდილობს, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყაროს, რათა ქვეყანა ვასალად და სხვისი ნების გამტარებლად აქციოს“.
„შეიძლება, დიალოგზე გვეფიქრა, მაგრამ შემდეგ რომ გაგახსენდება, „ლელოს“ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში ბენზინით როგორ დარბოდა და წვავდა, ამ დროს ლაპარაკის ხასიათი ცოტა აღარ გვაქვს ხოლმე. ეს მაშინ, როცა ამ ფაქტს არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ. რაზეა საუბარი? – შემდეგ ეს ხალხი წავა, რომელიღაც ელჩი შეხვდება, ხელს ჩამოართმევს. ბენზინით დარბიან, შენობებს წვავენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან, პარლამენტის შენობასაც წვავდნენ და გადავრჩით. თანამშრომლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება, თორემ ეს პარლამენტი ისე გადაიბუგებოდა, როგორც 90-იან წლებში. „ლელო“ როცა ელჩებს ხვდება, ელჩებს ჰკითხეთ, მათი ერთ-ერთი ლიდერი ბენზინით რომ დარბის სასამართლოში, ამას ამართლებთ? ტერორიზმია ევროპა? ალეკო ელისაშვილი გარიცხეს? ეს კარგი მაგალითია, რომ ტერორიზმი მათთვის მისაღები პოლიტიკური იარაღია. ასეთ ხალხს ბრიუსელში როცა იღებენ, ეს არის ტერორიზმის გამართლება და მომავალი ტერორიზმის წახალისება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.









