ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით უკვე მგონი, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ის არ მიიჩნევს თავს ამ სახელმწიფოს ნაწილად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ მიიჩნევს თავს იმ ინსტიტუციების ნაწილად, როგორიც არის პოლიცია.
„ვნახეთ, ამ დღეებში როგორ ღირსეულად მოქმედებდა პოლიცია. ამიტომ არის ნდობა საზოგადოებისა პოლიციის მიმართ ასეთი მაღალი. გუშინ კიდევ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, მაგრამ რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერავინ ახსნის. დღესდღეობით ევროკავშირის პრეზიდენტობა აქვს ბელგიას. თუ მაინც და მაინც ევროკავშირზე იყო საუბარი, ბელგიის ხელმძღვანელისთვის უნდა მიემართა. ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი, ეტყობა მისი ყოფილი მოქალაქეობიდან გამომდინარეობს. რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები და დამოკიდებულება, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ის თანამდებობა, რომელიც ქალბატონ სალომეს, უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან. არათუ საქართველოს სუვერენიტეტი არ ესმის, საერთოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ესმის, ამას აჩვენებს საერთო ჯამში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.