სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ ზღვარს სცდება, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან, როგორც ჩანს, საქართველოს სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.
„საერთოდ სასწაულია უკვე, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვარს სცდება. გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. არც კი ვიცი, საერთოდ ასეთი გამოცდილება ისტორიაში თუ არსებობდა. არ მინდა, შევადარო რაღაც ცენტრებს და ასე შემდეგ, მაგრამ ცენტრში როცა მიდიოდა ჩივილები, ეს გვახსოვს მაშინ, როცა 30 წლის წინ საქართველო იყო ნაწილი საბჭოთა კავშირისა. ეს მიდგომა თუ აქვს, რომ ვიღაცას უნდა უჩივლოს თან სხვა სახელმწიფოში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან. სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად გაუგონარი დამოკიდებულება გვაქვს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანას სახელმწიფოდ არ მიიჩნევს.
არ მიაჩნია, რომ ის ხალხი, რომლის წარმომადგენელიც არის საქართველოს პარლამენტი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ფიქრობს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერებთან უნდა იჩივლოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რათა შემდეგ დაარწმუნონ ქართველი ხალხის ლიდერები, რა კანონი მიიღონ და რა არ მიიღონ. ზუსტად ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრა, როცა ჩვენი ქვეყნის ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობაში ქალბატონ სალომეს და ბევრს ამ ჯგუფიდან მიაჩნია ისე, რომ საქართველოს უნდა უკარნახონ სხვა ქვეყნის ლიდერებმა, რა აკეთოს და რა არ აკეთოს“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.