როგორც მოქალაქეს მრცხვენია, რომ ქალის არაპატივისმცემელი, არაჯენტლმენური პარლამენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას გამოეხმაურა. 

„ერთი წუთით დავანებოთ თავი პოლიტიკა, პოზიცია, ოპოზიციონერობას. მე როგორც უბრალო მოქალაქეს, მრცხვენია, რომ ასეთი ქალის არაპატივისმცემელი, არაჯენტლმენური, ინტელიგენტიზმისგან დაცლილი პარლამენტი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას შიგნით და საერთაშორისო არენაზე. მინდა ვკითხო ქოც-დეპუტატთა ყველასათვის გასაგებ  ნაწილს, ხალხო არც გრცხვენიათ? სად გაიზარდეთ? რა მაგალითს აძლევთ  თქვენს შვილებსა და მომავალ თაობას თუნდაც ქალბატონებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. აღარ მინდა ამ ტელევიზორის ჩართვაც თქვენი გადამკიდე“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.