საპარლამენტო ოპოზიციის წევრები: ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს უკავშირდება.
„გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ის იყო, რომ დასავლეთის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებითა და პოლიტიკური მიდგომებით, საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორია ოპოზიციის ხედვა კოალიციური მთავრობის მიმართ და გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობასთან მიმართებით“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ჰერმან საბომ.
პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, სტუმრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გერმანია საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომას კვლავაც აგრძელებს.
„გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს კარგად ესმით დღევანდელი ვითარების სირთულე და მთავარი გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის არის ის, რომ ხელისუფლების მხრიდან მძიმე ანტიდასავლური რიტორიკისა და გერმანიის ოფიციალური პირების მიმართ თავდასხმების მიუხედავად, გერმანია საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.