იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდნენ.
მხარებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის, საქართველოსა და ლატვიას შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
ზვიად შალამბერიძე გაცნობითი სახის შეხვედრაზე ელჩს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო გარემოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმერეთი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონია და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში ტურისტული ლოკაციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ხაზგასმით ისაუბრეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე და გაფართოებაზე. დაგეგმილია ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობა, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მოემსახუროს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს.
ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ დანერგილ პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებზე.