ნიუ იორკი, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესია
"ქალბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!
ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე. მოგმართოთ, ამ გამორჩეულ აუდიტორიას, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ქალმა, რომლებიც ცოტანი არიან, იმ დროს, როცა, როცა მსოფლიო უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე, და როგორც არასდროს, საჭიროა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების ჩართულობა.
ჩემთვის პატივია, ასამბლეას პატარა და ამაყი ერის - საქართველოს სახელით მივმართო, სადაც საუკუნეების განმავლობაში, ქალები დამოუკიდებლობის, თავისუფლების, განვითარებისათვის ბრძოლაში, ერის იდენტობისა და კულტურის შექმნაში თავიანთ თავზე მეტს იღებდნენ.
ჩემი მოვალეობაა, დავრწმუნდე, რომ ტექნოლოგიისა და ინოვაციის ეს საუკუნე არ გამოიწვევს უარყოფით შედეგებს და ჩემს ქვეყანაში მხოლოდ გააძლიერებს შესაძლებლობებს ქალებისა და გოგონებისთვის. რაც ჩემი ქვეყნისათვის მინდა, იმავეს ვუსურვებ ქალებს მთელ მსოფლიოში.
ტექნოლოგია ქალებისათვის ახალი საზღვარია. დღეს ჩვენ, აქ შეკრებილნი მივესალმებით ამ ახალ სამყაროს და შესანიშნავ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებთან და ინოვაციასთან ერთად ჩნდება: ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას ახდენს მსოფლიოში, შესაძლებელს ხდის იმას, რაზედაც მხოლოდ თუ ვიოცნებებდით. ინოვაცია ყველა სფეროში ყვავის; იქნება ეს ეკონომიკა, მედიცინა, განათლება და თუნდაც ხელოვნება. ინოვაციები ყოველწამიერად ჩნდება, რამაც ცხოვრება ნამდვილად უნდა გაამარტივოს ყველასათვის და განსაკუთრებით, ქალებისათვის: დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა, დისტანციური მედიცინა შლის ზღვრებს, ამცირებს დროსა და მანძილს;
ინტერნეტს შეუძლია წაშალოს განსხვავებები და უთანასწორობები. მსგავსი ინფორმაციის გაზიარებამ უნდა შექმნას მეტი საერთო გაგება სხვადასხვა კულტურებს, ერებსა და რა თქმა უნდა, სქესებს შორის. მან უნდა დაუშვას ინტერესებზე დაფუძნებული საზოგადოებების წარმოშობა, რომლებიც ამცირებენ დისკრიმინაციას და აძლიერებენ სოლიდარობას - ეს ასე უნდა იყოს! თუმცა ახალი ტექნოლოგიები ახალ ბარიერებს ქმნიან. ახალი ტექნოლოგიები ზოგ შემთხვევაში, ინკლუზიის ხელშემწყობის ნაცვლად, ახალი ბარიერი ხდება, რომელიც ქალებისათვის კიდევ უფრო რთულად გადასალახია. მათ STEM-ში უფრო მაღალი დონის სპეციალიზებული განათლება ესაჭიროებათ, რომელიც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ქალებისა და გოგონებისთვის მთელს მსოფლიოში. ინტერნეტზე წვდომაც კი არათანაბარია. ასეთი ხელოვნური საზღვრები განსაზღვრავს მომავალს, რაც ხელს უშლის ქალებს წამყვან სფეროებში სამართლიანი წილი ჰქონდეთ.
ტექნოლოგია - თავად ინტერნეტი ხდება გენდერული ნიშნით ძალადობის ახალი და მკვეთრად ეფექტური ინსტრუმენტი. ტექნოლოგია თავისთავად ქმნის ქალთა მიმართ ძალადობის ახალ ფორმებს: სიძულვილის ენა და ,,ტროლინგი“ პირდაპირ ახალი და ფართოდ გავრცელებული ძალადობაა ქალ პოლიტიკოსებზე, და არა მხოლოდ მათზე. ეს გენდერული ძალადობა მიზანში იღებს მათ და მათ შვილებს და, შესაბამისად, ხელს უშლის მათ საქმიანობას. ანონიმურობასა და უპასუხისმგებლობას ამოფარებული, ძალადობის ეს ახალი ფორმა დამანგრეველ გავლენას ახდენს ქალებისა და გოგონების ახალ თაობებზე და ხელს უშლის მათ პოლიტიკაში შესვლას.
საქართველოს გამოცდილებაა, რომ გენდერული თანასწორობა წარმოადგენს დემოკრატიული სტაბილურობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საყრდენს, რომელიც კარგად იყო გააზრებული და ნათლად ასახული საქართველოში, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უკვე იმ დროს ჰყავდა ქალი ამომრჩეველი და არჩეული ქალები.
ვამაყობთ რა ჩვენი ისტორიით, ასევე ვამაყობთ ჩვენი მიღწევებითა და ახალი ვალდებულებებით და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, რომლებიც გადადგმულია სტამბოლის კონვენციის დებულებების შესრულების თვალსაზრისით და 2021 წელს პარიზში, ,,გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ“ და ,,ტექნოლოგიების მეშვეობით ქალთა გაძლიერების“ კოალიციებში გაწევრიანებით ,,თაობათა თანასწორობის ფორუმზე“ აღებული ვალდებულებებით. გადაიდგა ძირეული ნაბიჯები - შეიქმნა ოფიციალური სამუშაო ჯგუფი ფემიციდის პრევენციის შესახებ, ახალი სახელმწიფო კონცეფცია ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“, ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალურ/სახელმწიფო სერვისები და მოხდა მათზე ბარიერის გარეშე წვდომა, გენდერული კვოტების შემოღება, რომელმაც გაზარდა ქალების რაოდენობა პარლამენტსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.
თუმცა, მიუხედავად ამ ხელშესახები პროგრესისა, საქართველო კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. 24-35 წლის ქალების 48% არ არის ეკონომიკურად აქტიური, განსაკუთრებით, სოფლად და პოლიტიკოს ქალთა ნახევარზე მეტს, მათ შორის მეც, განუცდია რაიმე სახის ძალადობა.
ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.
ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [ და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.
აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო.
რა უნდა გაკეთდეს?
სანამ ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობებს, რომლებიც უნდა გაჩნდეს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მძიმე რეალობას, რომ, დღემდე, ქალები დიდწილად გარიყულნი არიან ეკონომიკური საქმიანობის, პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან და სამეცნიერო საზოგადოებისგან. ქალები კვლავ ცხოვრობენ, ან უნდა ვთქვა, უფრო და უფრო მეტად ცხოვრობენ ისეთ გარემოში, რომელიც არ არის თავისუფალი ძალადობისგან და ვერ სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით. გლობალურად, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მხოლოდ 22%-ია ქალი, მაგრამ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების 70% ქალი და გოგონაა. ყოველი 3 ქალიდან 1 ამბობს, რომ გენდერული ძალადობა განუცდია.
აქედან გამომდინარე, ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ICT-ის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) მიერა ხელშეწყობილი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ ამ პრობლემების გავლენის მომხდენ შესაძლებლობებად გადაქცევა. ტექნოლოგიებისა და ციფრული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეფექტური პასუხია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
ქალების მიერ მართული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტარტაპები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში სპეციალური პროგრამების შექმნა და განხორციელება ქალთა ჩართულობის გაფართოებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი მთავრობისთვის, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი მთავრობებისთვის, არამედ ჩვენი კერძო სექტორისთვისაც. მათი პასუხისმგებლობა არ არის ნაკლები, რადგან მათი წილი ეკონომიკურ განვითარებაში მუდმივად მზარდია.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქალების განმტკიცებითა და გაძლიერებით, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისარგებლოთ და მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს - ავაშენოთ ძლიერი, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოებები. და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომიტეტს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ისტორიული გზის გავლაში.
მაშინ როცა ნათელ მომავალზე ვსაუბრობთ, რომლამდეც ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანაბარ შესაძლებლობებს მივყავართ, არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქალები და გოგონები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც მცირე, ან არანაირი წვდომა არ აქვთ ძირითად უფლებებზე, საბაზისო განათლებაზე ან ჯანდაცვის სერვისებზე. ჩვენ ვერ დავივიწყებთ ირანელ გოგონებს, რომლებიც თავიანთ სკოლებში მოიწმამლნენ; ჩვენ ვერ დავივიწყებთ სწავლასმოკლებულ ავღანელ გოგონებს; ჩვენ ვერ დავივიწყებთ უკრაინელ ქალებს, რომლებიც ტრაგიკულ ვითარებაში იცავენ თავიანთ ძირითად უფლებებს, რათა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა შენარჩუნონ; ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ სვეტლანა წიხანოვსკაია, რომელსაც ჩვენი სოლიდარობის მიუხედავად დღეს ბელარუსის მთავრობამ პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ თურქი ქალები და ბავშვები, კატასტროფული მიწისძვრისას.
და სანამ ყველას მათ ვიხსენებთ, შემიძლია იმით მაინც გავიხარო, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა უკვე მოახდინა ერთგვარი ეფექტი, ისინი ამ მწუხარებაში მარტო აღარ არიან სატანჯველად დარჩენილნი - ჩვენ გისმენთ და გხედავთ, მაშინაც კი, თუ ყოველთვის არ შეგვიძლია დაგეხმაროთ ისე, როგორც საჭიროა!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი სესიაზე გამოსვლისას.