ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა ასევე შემოქმედებითი და ინდივიდუალური თავისუფლებების შეზღუდვა, რამაც მტკივნეული კვალი დააჩნია, როგორც ქართულ კულტურას, ასევე, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას.
გამოფენა მიზნად ისახავს 25 თებერვლის ტრაგიკულ დღეს წარმოაჩინოს მტრის დამარცხება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს:
,,ეს ძალიან მძიმე დღეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.
ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს.
ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს!"
გამოფენაში მონაწილეობენ: ბორენა ნაჭყებია, ნინა ახობაძე, ნინო გიდერიძე (გოდ ერა), გელა პატიაშვილი, დავით კუხალაშვილი, უტა ბექაია, გურამ შავდია, მაშო ოდიშელიძე, იოანა წუალაია, თეო მასპი, ვატო ბაქრაძე, დათო აფაქიძე.
გამოფენის ორგანიზების მხარდაჭერა განახორციელა ,,ვინდოუ ფროჯექთმა“.
გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე მეილზე: info@president.gov.ge.