"ერთი წელია, რაც რუსეთმა, უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმაშტაბიანი აგრესია წამოიწყო.
ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი, ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით.
ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა - პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში - თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება: ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია!
... ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს.
ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცა და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია; გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე. - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც უკრაინაში რუსული საომარი მოქმედებების დაწყების ერთი წლისთავს მიეძღვნა.
სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: პრეზიდენტი: რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია - ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა