საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც.
„იქნება მოლაპარაკება. რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, დათანხმდეს. ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს, ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.
„ეს მოხდება რუსეთის ნორმალიზაციით, რაც ნიშნავს, რომ მე მაქვს საზღვრები, მე მათ პატივს ვცემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეზობლური ურთიერთობები, პატივისცემა და თანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნორმალური მეზობლური ურთიერთობებისთვის. მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციის შემდეგ და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ“.
კითხვაზე, „შეიძლება, ეს მოდელი იყოს ევროკავშირისთვის? ევროპული სიმამაცის ფორმა იქნებოდა ნამდვილად დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანასთან, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული?“, – საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
„ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, ეს ლეგიტიმურია და ეს პასუხობს პრინციპულ პოზიციას. არ ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, ეს არჩევანი იყოს. ევროკავშირი ყველგან უნდა იყოს წარმოდგენილი. დიპლომატია მხარდაჭერა არ არის. დიპლომატია შეიძლება, იყოს პრინციპებისა და პოზიციების შენარჩუნება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ უკრაინელები ამარცხებენ რუსეთს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე წელიწადნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს.
„თავიდან ბევრი ფიქრობდა, რომ ომი გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას (ზელენსკის) გასვლის საშუალება. ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც სხვა სფეროდან, სასცენო სფეროდან იყო, წინააღმდეგობას გაუწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს. მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია. შემიძლია, შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.