ჩვენ ყოველ დღე გამოვალთ და ერთად შევეწინააღმდეგებით რუსულ ხელისუფლებას. გაძლიერდება ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორებისგან და ეს ყველაფერი დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ევროკავშირი დაარსდა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე აღარ განმეორებულიყო ისეთი საშინელება, რაც იყო ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომი. დღეს, როდესაც ისტორიული შანსი მოგვეცა, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და შეგვიძლია, გავაღწიოთ ამ მშვიდობიან, დაცულ სივრცეში, საქართველოს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ფაშისტური ხერხებით უსწორდება მოწინააღმდეგეებს. დღეს ყველა ხვდება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის გადასარჩენი.
მინდა, მივესალმო ძალიან ღირსეული ქართველი დიპლომატის, გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც გასაგებად თქვა-ამ კანონის მიღება და „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკა შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროპულ მომავალს და დაწერა განცხადება გადადგომაზე. მოვუწოდებ ყველა ღირსეულ დიპლომატს, უთხრას უარი რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების შესრულებაზე და იბრძოლოს ქართველ ხალხთან ერთად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, არ შეგეშინდეთ ფაშისტური ხერხებით მოქმედი რუსული ხელისუფლების. ჩვენ ყოველ დღე გამოვალთ და ერთად შევეწინააღმდეგებით რუსულ ხელისუფლებას. გაძლიერდება ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორებისგან და ეს ყველაფერი დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.
ჩვენ დემოკრატიული გზით ამ ქვეყანას დავაბრუნებთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამისთვის უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად იმისა, სად ხარ დასაქმებული და რას აკეთებ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.