ქალი, რომელიც პარლამენტის წინ მოწყალებას ითხოვს, ფიზიკურად თავს დამესხა - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ეს ქალი დავალებას ასრულებს, საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებს.
„ქალი, რომელიც პარლამენტის წინ მოწყალებას ითხოვს, ფიზიკურად თავს დამესხა. ეს ქალი დავალებებს ასრულებს, თავისი ინიციატივით არ არის, როგორ შეიძლება, იქ იდგეს, ხელისუფლებას რომ არ უნდოდეს. როგორც ჩანს, დღეს დაკვეთილი ჰქონდა პროვოკაციის მოწყობა ჩემი შემოსვლის დროს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, რაც გუშინ კომიტეტზე მოხდა, ჩვეულებრივი ამბავი არ არის.
„პროცედურების დარღვევით წარიმართა რუსული კანონის დამტკიცების პროცესი. პარლამენტის წევრებს მუშაობის და სიტყვის თავისუფლების უფლება შეუზღუდეს. საჩივარი დაიწერება და პასუხი მოეთხოვებათ, როდესაც გვეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც შესაბამის დასკვნას გააკეთებს სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური დაკვეთით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.