IRI-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა საქართველოს ამომრჩევლის დიდი უმრავლესობის, 80%- ზე მეტის ნდობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა და განმარტა, „ქართული ოცნების“ მიმართ ხალხის ნდობა რეკორდულ მინიმუმზეა დასული.
„ეს არის ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. დღეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ატარებს რუსეთის ინტერესებს მაშინ, როდესაც ქართველი ამომრჩევლის 80% -ზე მეტი ცალსახად ირჩევს ევროკავშირსა და ნატო-ს. სწორედ ეს არის უპირველესად საფუძველი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ რეკორდულ მინიმუმზეა დასული საზოგადოების ნდობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საზოგადოება პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება მისთვის საინტერესო, რელევანტურ შეთავაზებას.
„ვფიქრობ, სწორედ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობაც ძალიან მაღალია, შემდეგ არჩევნებზე ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შესთავაზებს ისეთ პოლიტიკურ წინადადებას, როგორსაც ელოდებიან. ვხედავთ, რომ ეს წინადადება უპირველესად უკავშირდება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას და მის ეკონომიკურ განვითარებას. კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად გაკოტრებული, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა. კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში უმრავლესობას, ფაქტობრივად 60 %- ზე მეტს, არც „ქართული ოცნება“ უნდა აირჩიოს და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს, რომ სწორედ „ლელოსნაირ“ პარტიებს აქვთ ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ, ეს პოტენციალი გამოვიყენოთ და ავითვისოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ: საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი, „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“- ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.