საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს უყრის კენჭს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რეგლამენტის მიხედვით მომზადდება შესაბამისი საპარლამენტო დადგენილების პროექტი და ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე წარედგინება კენჭის საყრელად.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნამ მოახდინა მწამებლების, რეკეტიორების და სამშობლოს მოღალატეთა ლუსტრაცია.

„ამ დასკვნას სჭირდება პარლამენტიდან შესაბამისი შეფასება. ასე რომ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, რეგლამენტის მიხედვით მომზადდება შესაბამისი საპარლამენტო დადგენილების პროექტი და ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე წარედგინება უკვე პარლამენტს კენჭის საყრელად.

მართლაც უმნიშვნელოვანესმა კომისიამ მოახდინა ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – ლუსტრაცია იმ მწამებლების, ლუსტრაცია იმ რეკეტიორების და, რაც მთავარია, ლუსტრაცია სამშობლოს იმ მოღალატეების, რომლებიც სწორედ იმ ახალგაზრდობას ასე უტიფრად ესაუბრებიან დღეს აქ, რუსთაველის გამზირზე დემოკრატიის სახელით და დემოკრატიის საფუძვლებზე. ესენი იყვნენ და არიან ძალა, რომლებიც თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და შემდეგაც იყვნენ ქვეყნის ოპოზიციაში. ამ დასკვნის და ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელის მომზადების შემდეგ მათ გაეცემათ ასევე სამართლებრივი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დაამტკიცებს საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს.

„როგორც ფრაქციის სახელით იქნა გაცხადებული, დადგენილების პროექტი მომზადდება საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, დაინიცირდება და ხვალ პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, პარლამენტმა მთლიანად საგამოძიებო კომისიის სამუშაო, მისი ანგარიში დადგენილების პროექტით დაამტკიცოს და ის აქციოს უკვე მთლიანად პარლამენტის დოკუმენტად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.