გადადგომა არაა საკმარისი. პროცესი სასამართლოზე უნდა გაგრძელდეს და სათანადოდ უნდა დაისაჯოს ქალებზე სიტყვიერად მოძალადეები,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტისთვის უცხო არ არის არასაპარლამენტო ქცევა, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. იყო უკიდურესად აღმაშფოთებელი, უხამსი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც, უხეშად რომ ვთქვათ, არ უნდა იქნეს გატარებული. გადადგომა არაა საკმარისი. პროცესი სასამართლოზე უნდა გაგრძელდეს და სათანადოდ უნდა დაისაჯოს ქალებზე სიტყვიერად მოძალადეები. 
დიდი შეცდომა იყო, რომ გუბაზ სანიკიძეზე 20 დეპუტატის მუხანათურ თავდასხმას არ მიეცა სამართლებრივი შეფასება. ტურებივით, უნამუსოდ დაესხნენ თავს, მაგრამ ჩაიარა ამ პროცესმა. ეს არის ჩვენი შეცდომა, ოპოზიციის და საზოგადოების შეცდომა. არის მოვლენები  რომლებიც არასდროს უნდა შეარჩინო, არასდროს უნდა აპატიო. ამ შემთხვევაში უნდა გამოყენებულ იქნეს ყველა ბერკეტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა -  თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა

ასევე, დეპუტატი  ალუდა ღუდუშაური  ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"